უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან, ხურჩასა და ენგურის ხიდზე მივიდა.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხისა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას აქვთ.
„მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას“, – განაცხადა დარსალიამ.
საქართველოს 19 ივლისს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვივნენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, ასევე და სიტყვით გამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.