უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის უფლების შესახებ. კანონპროექტს 274-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, უკრაინის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს გაუმარტივდებათ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილებისა და ამუნიციის შეძენა, შენახვა და თავდაცვის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა.
კანონპროექტით, გამარტივდება იარაღის რეგისტრაცია; შეიქმნება ერთიანი სისტემა, რომელიც გასცემს იარაღის მფლობელობის უფლებას. ამ უფლების მიღების შემდეგ კი მოქალაქეები შეძლებენ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას, თუმცა, ასევე განისაზღვრება პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ და გამკაცრდება სასჯელი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისთვის.
კანონპროექტში განსაზღვრული და შეზღუდულია იარაღის გარკვეული ტიპი და ზონები, სადაც შეძენილი იარაღი არ დაიშვება.