უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გაგრძელდა 2008 წლის ომის შემდეგაც და ის გამოიხატება მცოცავ ოკუპაციაში, ზეწოლაში, პროპაგანდასა და სხვა ინტერვენციებში.
„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს ეს რეგიონები უპერსპექტივო ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა იმარჯვებს და ადამიანის უფლებები შელახულია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოს შეწყდა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია აქ არ დასრულებულა. მოსკოვმა გააგრძელა ე.წ. ბორდერიზაცია, რაც საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, ზეწოლას, პროპაგანდასა და სხვა ჰიბრიდული მეთოდებით ინტერვენციას გულისხმობს.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლად აღიარება.
რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მოგვიანებით კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის, რომელსაც 21-ე საუკუნეში არსებობის უფლება არ აქვს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის ამ აგრესიულ პოლიტიკას მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევა გააჩერებს, აიძულებს მას დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და სამართლის წინაშე აგებინოს პასუხი ყველა რუს ომის კრიმინალს ჩადენილი სისასტიკეებისა და დანაშაულების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.