უკრაინის საგარეო: უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები გაიმართა. ასლან ბჟანიამ პოსტი 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობდა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.

ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები დაგმო ევროკავშირმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ამასთან, არ ცნობს ამ „არჩევნების” ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.