უკრაინის საგარეო: უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით

პუბლიკა

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე და „ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია“.

„უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან.

საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია. ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი, და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

უწყების განცხადებით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.