უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცების აქტიური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია დასავლეთის ქვეყნებმა მიაწოდეს – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

,,იმედია, ახლა მთელი მსოფლიო ახლა ნათლად ხედავს, ვის სურს მშვიდობა და ვინ აგროვებს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც Reuters წერს, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებამ შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. მოსკოვმა კი ასეთი ინტერპრეტაციები უარყო და ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის მიერ რეგიონში აქტიურობის გაზრდის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 13 ნოემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 7-ჯერ დაარღვიეს, დღეს, 14 ნოემბერს კი ბოლო მონაცემებით, 4-ჯერ. დილის 11 საათის მონაცემებით, ვითარება სტაბილურია.