უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 2 დასახლება გაათავისუფლეს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებას აღწევენ არამხოლოდ აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებით, არამედ ხერსონის ფრონტზეც.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დაიბრუნა კიდევ ორი დასახლება ხერსონის მიმართულებით – არხანგელსკე და მიროლუბივკა.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევართა განცხადებით კი, ხერსონის მიმართულებით უკრაინული კონტრშეტევა გუშინ კიდევ უფრო შორს წავიდა. როგორც ორგანიზაცია რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა, სავარაუდოდ, წინ წაიწიეს ლიუბიმივკას, შევჩენკივკას, ხრეშჩენივკას და ზოლოტა ბალკას მიმართულებითაც.

ბოლო ორ დღეში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდი წინსვლა ჰქონდა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული ქალაქის ლიმანის ფრონტზე. უკრაინელებმა ალყაში მოქცევის შემდეგ სრუალდ აღადგინეს კონტროლი ქალაქზე და მგოვიანებით კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დასახლების კრემინას მიმართულებითაც გაიმყარეს პოზიციები. უკრაინელები ასევე აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკივის ოლქში, მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით.