უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას რადამ მხარი დაუჭირა

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა. კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.

ახალი მინისტრი ბიზნესმენი და უმაღლესი რადას წევრი იყო. ომის დაწყების შემდეგ უმეროვი რუსეთთან მოლაპარაკების ჯგუფებში ჩაერთო. მათ შორის მარცვლეულის შეთანხმებისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ. უმეროვი ყირიმელი თათარია და ამჟამად უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობს.

ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის.

„ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ მინისტრის შეცვლაზე საუბრისას.

რეზნიკოვის ხელმძღვანელობისას თავდაცვის სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და კორუფციის ნიშნების გამო რამდენჯერმე გამოძიებაც დაიწყო.

თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეზნიკოვი უშუალოდ არ ყოფილა ჩართული იმ შესაძლო კორუფციულ სქემებში, რომელთა შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც The New York Times უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მყოფ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რეზნიკოვის გათავისუფლების მიზეზი სწორედ შესაძლო კორუფციის შესახებ აგორებული სკანდალი და ამის გამო უკრაინული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა იყო. გამოცემის ცნობით, თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა თავად რეზნიკოვიც.