უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დაინიშნა

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას. ფედოროვის დანიშვნას ხმა 277-მა დეპუტატმა მისცა.

დამტკიცების შემდეგ, მიხაილ ფედოროვმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო. პარლამენტის ტრიბუნიდან ფედოროვმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტი თავდაცვის ძალებია.

მისი თქმით, არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც ამჟამად ხელს უშლის თავდაცვის ძალებს ეფექტურად მოქმედებაში. ესენია: „ქაღალდის არმია“, საბჭოთა ეპოქის მიდგომა, ზედმეტი ბიუროკრატია და ფრონტის მომარაგების შეფერხებები.

„დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ახალი ტექნოლოგიებით ვებრძოდეთ ძველ ორგანიზაციულ სტრუქტურას.

საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, – განაცხადა ფედოროვმა.

ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის“ ჩატარებას, რათა „იპოვოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა 2 იანვარს წარადგინა.