უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ასამდე „კადიროველი” დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.
ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 2500-მდე „კადიროველი“ იღებდა მონაწილეობას და ისინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდნენ.
უკრაინული მედია წერს, რომ ე.წ. „კადიროველების“ მთავარი ამოცანა უკრაინელების დაშინება იყო და კიევიდან უკან დახევის შემდეგ ისინი მარიუპოლსა და ლუგანსკში გადავიდნენ.
4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტს, Кавказ.Реалии-ს ჩეჩნეთიდან აცნობა ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.