უკრაინის თემები აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადებაც არ გაუკეთებია - ხაჭაპურიძე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

„აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ სპეციალისტები ერთობლივ დასკვნას დადებენ.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია“, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა:

„ნეტარ არიან მორწმუნენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.