უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას რუსეთისთვის მძიმე ფასი და სავალალო შედეგები მოჰყვება - „დიდი შვიდეული“

პუბლიკა

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრას და კიევის მიმართ მოსკოვის აგრესიულ რიტორიკას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ, როგორც უკვე მოუწოდა პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს, ასევე მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების გამოყენებისკენ. ასევე, მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო წესებით აღებული ვალდებულებები სამხედრო აქტივობის გამჭვირვალობისთვის.

კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას საფრანგეთისა და გერმანიის მცდელობებს, ნორმანდიულ ფორმატში მოხერხდეს მინსკის შეთანხმების სრულყოფილად ამოქმედება, რათა გადაიჭრას კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში.

ნებისმიერი ძალის გამოყენება საზღვრების შესაცვლელად მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მისთვის მძიმე ფასი და სავალალო შედეგები მოჰყვება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს შეურყეველ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას და გავაძლიერებთ კოოპერაციას ერთიანი და ყოვლისმომცველი პასუხისათვის“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.