უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერი შეცვლის. თუმცა მან აღნიშნა რომ, თუ უკრაინის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება.
გახარიას თქმით, თუ უკრაინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“.
„უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი. ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა. თუმცა სტრატეგიული პარტნიორების მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციით იქიდან მისი გამოყვანა. ესეც კატეგორიუოლად მიუღებელია.
თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს Faebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.
„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – დაწერა მიხეილ სააკშვილმა.