რუსული არმია უკრაინის დედაქალაქისკენ წინსვლას და კიევთან მიახლოებას რამდენიმე მხრიდან ცდილობს. დღეს დილით კიევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ბროვარსკის მიმდებარედ უკრაინელმა სამხედროებმა წამოიწყეს მცირე კონტრშეტევა, შეაჩერეს რუსული შენაერთები და მათი ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევისთვის რთული იყო წუხანდელი ღამე. კიევის შემოგარენზე რუსულმა არტილერიამ მორიგი იერიში მიიტანა. ხოლო უკრაინულმა დანაყოფებმა წუხელ კიევთან კიდევ ერთი კონტრშეტევით უპასუხეს და 5 რუსული ტანკი გაანადგურეს.
წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს კიევის შემოგარენის დასახლებებიდან კიევის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა. რუსული არმია ბოლო დღეებია, მიუახლოვდა კიევის შემოგარენს – ვორცელს, ბუჩას, ბოროდიანკას, ირპინს, ჰოსტომელსა და სხვა მცირე დასახლებებს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეების გამოყვანას ცდილობს.