უკრაინულ პლატფორმაზე ივანიშვილის, ვასაძის, ხიდაშელისა და სხვების დასანქცირებას ითხოვენ

პუბლიკა

უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.

„ომი და სანქციები“ არის პორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, იპოვონ ადამიანი ან კომპანია, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეიტანონ ისინი სანქცირებულთა სიაში.

სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. მათ შორისაა, ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული.

ამასთან, სიაშია ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.

ჩამონათვალს თან ერთვის მოკლე დოსიე თითოეულ პირზე.