უკრაინული მხარე: ან მოლაპარაკებები წავა იმ მიმართულებით, რაც უკრაინას სჭირდება, ან რუსული ხომალდის გზას დაადგება

პუბლიკა

დღეს ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ორივე მხარის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკების პლატფორმა უკვე მზადაა. ასევე ვრცელდება იმ ადგილის ფოტო, სადაც მხარეები მოლაპარაკებას გამართავენ.

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, რომელიც 28 თებერვალს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინულ მხარეს წარმოადგენს, მოლაპარაკებების დაწყებამდე თავისი პოზიცია დააფიქსირა:

„ან მოლაპარაკებები წავა ან იმ მიმართულებით, რაც უკრაინას სჭირდება, ან რუსული ხომალდის გზას დაადგება“, – წერს არახამია ფეისბუქზე. „ჩვენ მოვისმენთ წინადადებებს და შემდეგ განვიხილავთ, ღირს თუ არა“, – განმარტავს ის კომენტარებში.

 


ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დასთანხმდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პირობების გარეშე. გულწრფელად ვიტყვი: როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს ეჭვი არ ჰქონდეს, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას, როდესაც იყო მცირე, მაგრამ მაინც შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.