„უკვე მივექანებით უფსკრულისკენ“ | ელისაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უნდა გამოვიდეს თითოეული პარტია, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და თქვას, აწერს თუ არა ხელს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს.

„სირცხვილთან ერთად არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ჩვენი მხრიდან. ჩვენი გაჯიქებისა და ჩვენი შეუთანხმებლობის გამო, უბრალოდ, იმიჯი კი არ ზიანდება საქართველოსი დასავლური სამყაროს თვალში, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება.

მივმართავ ყველას, ვინც იჯდა კრისტიან დანიელსონთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან – გამოვიდეს თითოეული პარტია ინდივიდუალურად, პერსონალურად და თქვას,  აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა დადო მაგიდაზე. უკვე მივექანებით უფსკრულისკენ და ამას თუ ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, “- განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.