უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის - ხუნდაძე

პუბლიკა

„ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ვირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მატება ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის”, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახლში მკურნალობა პანდემიის დროს მიღებული პრაქტიკაა.

„ამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: ერთი, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ საჭიროებენ კლინიკაში მისვლას, სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ ოჯახის ან სოფლის ექიმისგან; რომ იყოს დისტანცირებაც, ანუ არ იყოს უშუალო კონტაქტი, რათა არ მოხდეს ჯერ ექიმის ან ექიმის მიერ ოჯახიდან ოჯახში გადასვლის გამო ინფექციის გადატანა. ამიტომ, იმ ეტაპზე, სადაც კლინიკური გამოვლინებები არ არის ისეთი, რომ პაციენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარული მომსახურება, ეს უნდა მოხდეს ბინაზე, რათა ყველამ, ვისაც სჭირდება და არ სჭირდება, არ მიმართოს სტაციონარს და სტაციონარული მომსახურებისთვის საჭირო საწოლები არ იქნას დაკავებული ისეთ შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება კლინიკაში მომსახურება. ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა სწორედ პანდემიების შემთხვევაში, როცა გავრცელების მაღალი ხარისხია.

ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ხედავთ, რომ ყოველდღიური მატება ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის. ეს მასშტაბი თანდათან გაიზრდება და თუ არ გავაკეთეთ დიფერენცირება, მაშინ შესაძლოა, პროცესები არასწორად იმართოს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.