ულტრანაციონალისტური ნიშნის ჩვენების გამო თურქი ფეხბურთელი EURO 2024-ზე შემდეგ 2 მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
თურქეთის ნაკრებს შემდეგი თამაში მეოთხედფინალურ ეტაპზე 6 ივლისს ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში გადავა. დემირალი არც ერთ მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას.
საქმე ეხება „რუხი მგლების” ნიშანს, რომელიც მერიჰ დემირელმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში, ავსტრიასთან თამაშში გოლის გატანის შემდეგ აჩვენა.
მანამდე UEFA-მ დისციპლინური გამოძიება დაიწყო.
„რუხი მგლების” ეს ნიშანი ფაშისტური, ქსენოფობიური და ულტრა-ნაციონალისტურია.
სომეხი მოქალაქეების თქმით, ეს ჟესტი თურქეთის მიერ სომხების გენოციდთან ასოცირდება.
ავსტრიაში მისი ჩვენება 2019 წლიდან აკრძალულია და 4000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.
თავად მერიჰ დემირალმა თქვა:
„მინდოდა, აღნიშვნის რამე კონკრეტული ხერხი მქონოდა, რომელიც დაკავშირებულია ჩემს თურქულ იდენტობასთან. საოცრად ვამაყობ, რომ თურქი ვარ და გოლის გატანის შემდეგ ღრმდ ვიგრძენი ეს სიამყე. ამის გამოხატვა მინდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე”.
მისივე თქმით, დაინახა, რომ იმავე ჟესტს ტრიბუნებზე მაყურებლებიც იმეორებდნენ.
თუ ეს დადასტურდა, უეფამ შესაძლოა დაიწყოს გამოძიება გულშემატკივართა საქციელზეც.
ამ ჟესტის ჩვენება აკრძალული არ არის გერმანიაში. თუმცა, ამაზე მრავალი წელია, დისკუსიები მიმდინარეობს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა X-ზე დაწერა:
„ჩვენს სტადიონებზე თურქ მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოების ადგილი არ არის. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა გამოიძიებს საქმეს და განიხილავს სანქციებს“.
მან იქვე დასძინა, რომ „რუხი მგლების” ჯგუფი გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და UEFA-ს მიერ გამოძიების დაწყებას მიუღებელი უწოდა.
უწყების განცხადებით, „რუხი მგლის” ნიშანი აუცილებლად მემარჯვენე ექსტრემიზმს არ უკავშირდება, ხოლო დემირალის მიმართ გამოვლენილი რეაქციები შეიძლება ჩაითვალოს ქსენოფობიურად”.
„ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციებს, რომლებიც გამოვლინდა ისტორიული და კულტურული სიმბოლოების მქონე ჟესტის აღნიშვნის ნაწილად გამოყენების გამო, მაშინ, როცა ეს ჟესტები არავის იღებს მიზანში”. – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.