უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი იქნება

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი წარადგინა, რომელიც კურატორობას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ პაპუკაშვილს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს. გამოცემული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია.

28 მარტს მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ცნობით, ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების.

გელა გელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს. მანამდე ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა – ჯერ იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგვიანებით, 2016-2018 წლებში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი.