უმაღლესმა რადამ უკრაინის ომბუდსმენს ლიუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველს, ლიუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა.

მმართველი გუნდის ინიციატივით გამართულ კენჭისყრაში დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ზელენსკის პარტიის წევრებს დენისოვას მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ იმაზე, თუ რა ფორმით ავრცელებდა ის რუსი სამხედროების შესაძლო ომის დანაშაულებზე ინფორმაციას. ასევე პარტია „ხალხის მსახურის“ წევრები დენისოვას ადანაშულებდნენ იმაშიც, რომ არ მონაწილეობდა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში და ომის დაწყების შემდეგ დიდ დროს ატარებდა ევროპაში.

თავად დენისოვა კი ამბობდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ მოსწონდა მისი აქტიურობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ იყო მიმართული.

ლიუდმილა დენისოვა ამ პოსტზე 2018 წელს 5 წლის ვადით აირჩიეს. მისი გადაყენება კი ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რაც უმალღეს რადას კონსტიტუციით გამყარებული თანამდებობის პირთა გადაყენებას უმარტივებს ომის განმავლობაში.

დენისოვას გადაყენებაში საკანონმდებლო ხარვეზებს ხედავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ტეტიანა პეჩონჩუკის თქმით, დენისოვასთვის უნდობლობის გამოცხადებას კონსტიტუციური საფუძველი არ ჰქონდა.