სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
- უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული;
- ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული;
- ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული;
- სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციის მიხედვით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება.
„რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.