„უმოკლეს ვადაში უნდა გამოვნახოთ გამოსავალი" - პრემიერი პენსიონერების მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე

პუბლიკა

„პენსიონერებისთვის მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ერთობლივად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს ვადაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 28 ივლისის განკარგულებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე იმუშავებს.

„პარლამენტში გამოსვლისას დაისვა საკითხი მტკივნეულად. ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა. მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი. მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია.

მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს. შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ბატონი ლევანი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრები, რომლებიც ჩართვებიან კომისიის მუშაობაში, ფინანსთა მინისტრი იქნება ბუნებრივია ჩართული, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს ვადაში. 

შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონეებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100% და 120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო. ახლა არის 35%, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა, ამიტომ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა.