დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, წელს შობა და ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ და არ გამართონ დიდი წვეულებები.
„მინდა, მედიას ვთხოვო, ფართოდ გაშუქდეს ეს საკითხი. მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან.
არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც შავ პარასკევს იყო. შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და ისევ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.