უმორჩილესი თხოვნაა, ვაქცინებზე მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს - სერგეენკო

პუბლიკა

„ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, ვიდრე ეს არის ვაქცინაცია”, – უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე ვაქცინაციის თემას გამოეხმაურა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვაქცინების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ დარგის სპეციალისტების მხრიდან მოუსმინონ.

„ვაქცინების სახეობა – ჩემი პირველი უმორჩილესი თხოვნაა და მოწოდებაა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არსებობს დღეს ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის. ისევე როგორც მისი ეფექტურობა, ასევე მისი გვერდითი მოვლენები.

მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

შემოსულია „ასტრაზენეკას” ვაქცინა, რომელიც არის ბრიტანულ-შვედური წარმოების. დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.

იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, რათა მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც ეს სხვა ეპიდემიების დროს იყო.

კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია, და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება, გაზიარებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისგან, ექსპერტებისგან”, – განაცხადა სერგეენკომ.