მოქალაქე დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
როგორც ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა.
„შევედით თუ არა იმ რიგებში, სადაც სპეცრაზმი დგას, მანდედან უკვე დაიწყო ყველამ ჩემი ცემა. გააკეთეს კორიდორი, თითოეულმა ადამიანმა წიხლი, ხელი, მუშტი, ყველაფერი ყველგან ჩამარტყეს, რაც კი შეეძლოთ. რეალურად, ყველაფერი მერე დაიწყო. ჩამკეტეს მინივენიში, შემოვიდა მერე დაახლოებით 5-6 ან მეტი ადამიანი. ორნი ვიყავით მინივენიში და დაგვიწყეს ორივეს ისეთი გამეტებით ცემა, რომ უბრალოდ, ვერც წარმოიდგენთ.
უმოწყალოდ ცემა დაგვიწყეს. მე ვაგდივარ ძირს, 4-5 ადამიანი მირტყამს, მერე შეიცვლება, სხვა 4-5 ადამიანი მირტყამს. არარეალური შეურაცხყოფები, მუქარა. ტელეფონი გაგვიხსენი, თორემ ტვინს გაგასხმევინებთ, რაღაც გაუპატიურების მუქარა: „დუბინკას“ გაგიკეთებთ ერთ ადგილას. ზუსტი ხაზი ჰქონდათ გავლებული, სადამდე უნდა ვეცემე, რომ მე რაღაც ისეთი დაზიანება არ მქონოდა, რომ რაღაც მომხდარიყო.
შედარებით ასაკოვანი ადამიანიც იქ იყო. მე მახსოვს ეგეთი მომენტები, რომელიც ეუბნებოდა, სახეში მეტი აღარ დაარტყათ, ტანში და ფეხებში ურტყითო. გადავიდნენ ფეხებზე და ტანზე და ფეხები ისეთ მდგომარეობაში მქონდა, რომ ახლაც ვეღარ დავდივარ. ფეხზე ვერ ვდგები ჯერჯერობით, კუნთები მეკეცება. მე ახლა თავი მაქვს გატეხილი, კბილები მაქვს ჩამტვრეული, სახის და ყბების სახსრები მაქვს დაჭიმული, ნეკნები და ზურგის კუნთები მაქვს დაჟეჟილი“, – ამბობს აქციის მონაწილე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.