„ნეოლაბის” ხელმძღვანელის გიორგი კამკამიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი 1-2 წლის განმავლობაში მაინც რჩებათ. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან” ჩართვის დროს ისაუბრა.
„როგორც გრიპის შემთხვევაში დაახლოებით ასეთს ველით, 1-დან 2 წლამდე იმუნიტეტს. რაც საკმაოდ კარგია იმისთვის, რომ იმ ტალღის განმავლობაში, რომელსაც ველოდებით, ეს ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში აღარ დასნებოვნდებიან.
არის გამონაკლისები, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ტოვებს იმუნიტეტს, რომელიც მინიმუმ 1-2 წლის განმავლობაში დარჩება”, – განაცხადა კამკამიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამაზე მეტყველებს ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტებიც, რომლითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.