„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ, სამშაბათს, უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრის კენჭს და მხარს არ დაუჭერს.
კობახიძის თქმით, მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. პროექტს საბოლოო სახე კი ევროკომისიასთან მუშაობის შედეგად მიეცემა.
პარტიის ლიდერის განმარტებით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს „რამდენიმე ძირითად მიმართულებას და ყველა შესაბამის სფეროს“. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მოლდოვაშია. კობახიძეს სხვა განმარტება არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემუშავდა ცვლილებები, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიციირდება პარლამენტში და გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობის ცვლილებაზე კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით მიიღებს და გაგზავნის ვენეციის კომისიაში. კომისიას ასევე გაეგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფუძნების შესახებ კანონები.