NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
უფრო კონკრეტულად კი გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს;
18 % მიიჩნევს, რომ მთავრობა ამისთვის არაფერს აკეთებს;
30% მიიჩნევს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
კვლევის მიგნებაა ისიც, რომ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს.
„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ,” – აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.