„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილებების პაკეტს უკავშირდებოდა.
„ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და, საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ არჩევნები ნაკლები კითხვის ნიშნებით და ასევე სპეკულაციისთვის სივრცე იყოს ძალიან დაბალი და არავის მიეცეს საშუალება, დემოკრატიის მაღალი ხარისხი თარგმნოს სხვაგვარად. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უმრავლესობა აისახება ხვალ და ზეგ შესაბამის კანონმდებლობაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობაში, მსჯელობის დროს, იყო აზრთა სხვადასხვაობა რიგ საკითხებზე, თუმცა, საბოლოოდ, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო პაკეტს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, ქალთა კვოტირებასაც.
„უმრავლესობაში იყო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, მაგრამ უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უმრავლესობის შესრულებას.
ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე, როგორც მინიმუმ, განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე პროპორციულ სიაში ეს იქნება ყოველი მეორე. მე ფვიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე. ამ შემთხვევაში საუბარია ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება, მაგალითად, ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე საპარლამენტო სიაში მოახვედროს მამაკაცი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრას არ ესწრებოდა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.
კანონპროექტის ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.