უმრავლესობა ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის - მამუკა მდინარაძე

პუბლიკა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

“უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური საკითხი. მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი,  და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.

ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა და დავიცვათ თანასწორობის პრინციპი. და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას და ნაცმოძრაობის მიზანი საპირისპიროა. ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას. მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა: გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია. რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერ მისთვის იმუნიტეტის მიხსნას” – განცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მელიას რამდენიმე დღე რჩება, რომ გადაიხადოს გირაო და პატივი სცეს კანონმდებლობას.

ნიკა მელიამ გადაწყვეტილების მოტივაციაზე, რატომ არ იხდის დაკისრებულ გირაოს, ვრცლად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

ნიკა მელიას განცხადებით, მისი მთავარი ამოცანაა ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებსი წინააღმდეგ კანონს იარაღად არ იყენებენ და სადაც სამართლიანი სასამართლო ხელისუფლების ხელში არ არის.

„ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომ პატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას. თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი. იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს და დევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – აცხადებს მელია.