„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მმართველი პარტია არ აპირებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მათი წერილობითი რეკომენდაციების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრება.
საიამ, სამ ორგანიზაციასთან ერთად, უარი განაცხადა მომდევნო შეხვედრებზე დასწრებაზე მანამ, სანამ პროცესი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაწილეობით სრულიად ინკლუზიური არ გახდება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონაწილეობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის მიზნით ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება.
საიამ 23 აგვისტოს სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინა მოსაზრებები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და პროცედურას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, საარჩევნო ფინანსებს და სხვა. გარდა ამისა, საია წარდგენილ დოკუმენტში მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროკომისიის რეკომენდაცია და გახადოს პროცესი მეტად ინკლუზიური.
გასულ დღეებში ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს საიას წერილობითი რეკომენდაციების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაესწრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია არის საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, საიამ უარი განაცხადა მომდევნო შეხვედრებზე დასწრებაზე მანამ, სანამ პროცესი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობით სრულიად ინკლუზიური არ გახდება.
საია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა, ხოლო ამჯერად, საიასთვის წაყენებული ულტიმატუმი აზიანებს პროცესს, საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და ეწინააღმდეგება, როგორც ევროკომისიის, ისე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს შედგა.