„უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს”, – ამის შესახებ facebook-ზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს. ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ჩააგდებს, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში.
„უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს, არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა.
როგორც ახლა გახდა ცნობილი პარლამენტი საკითხს ჩააგდებს, ანუ მანდატებს არ შეუწყვეტს ოპოზიციას, თუ ასე მოხდა ის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში.
რა მოხდება ამის მერე? საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაჩივრების შესაძლებლობა ბუნდოვანია. ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს. როგორც წესი პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინის კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად „ძეხვის დაჭრა“), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ მაინც ღირს ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს.
როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები.
მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა, როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი კვორუმი ხელს არ აძლევდათ”, – წერს ვახუშტი მენაბდე.
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” ოპოზიციის წარმომადგენელ 51 დეპუტატს მანდატს არ შეუწყვეტს. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს უნდა გაიმართოს.