უმრავლესობამ 1-ელი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს

პუბლიკა

უმრავლესობამ 1-ელი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს.

ცვლილების მიხედვით:

  • საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით;

მოქმედი კოდექსით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოვიდეოგადაღება ხმის ჩაწერის გარეშე შეუძლია.

პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში კი აღნიშნულია:

„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით“.

  • საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
  • განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმწის რეგისტრაციის პროცედურები.

„საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. იმავე პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში“, – წერია კანონპროექტში.

მოქმედ კოდექსში საერთაშორისო დამკვირვებლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის.

კოდექსში წერია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, რომელთაც შეიძლება, ახლდეს თარჯიმანი.

„ნებისმიერი საფუძველი იმის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მიწოდებული დასკვნები იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისა და გემოვნებისგან, ის, რაც საქართველოს მოქალაქეს შესაბამისი დასკვნის გაკეთებისას შესაძლებელია, ამის ცდუნება გააჩნდეს, ვცდილობთ, მაქსიმალურად ობიექტურად იყოს ეს საკითხი რეგულირებული“, – თქვა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარმდგენმა დავით მათიკაშვილმა.