უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების კანონის დარღვევა სისხლის სამართლით დასჯადი გახდა

პუბლიკა

78 მომხრე, 9 წინააღმდეგი – უმრავლესობამ მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა გრანტებისა და პარტიების კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და ა.შ.

კონკრეტულად რა ცვლილებები შედის კანონებში:

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება

მიღებული კანონის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან/სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:

  • ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
  • ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტად ასევე მიიჩნევა:

  • პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
  • სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.

ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.

კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება

პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“. 

„გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის“ სუბიექტზე გავრცელდება ამ კანონის მითხოვნები, ფიზიკურ პირებზე კი ამ კანონთან ერთად, საარჩევნო კოდექსით დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

ვინ მიიჩნევა გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ?

მიღებული კანონის მიხედვით, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას.“

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. 8 წლის ათვლა დაიწყება იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო ასეთი შემოსავალი.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოაზრებულია ორგანიზაცია, მაუწყებელი ან სხვა ტიპის მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პარტიულ-პოლიტიკური მიზნის სუბიექტის მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება, დეკლარაციის წარუდგენლობა ან ხარვეზის გამოუსწორევლობა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

აკრძალული შემოწირულობის მიღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ან ჯარიმით, ხოლო დანარჩენი დარღვევებისთვის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია ჯარიმა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება

20 000 ლარით დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს.

პასუხისმგებლობა განსაზღვრული იქნება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

ხოლო არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთ 4 წლამდე, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა. იურიდიული პირი შესაძლებელია დაისაჯოს ჯარიმით ან/და ლიკვიდაციით.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება

სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება ხდება „კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა“. ამ დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში დანაშაულის მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს ერთი წელი დაემატება.

ფულის გათეთრების მუხლს (194-ე მუხლი) ემატება დამამძიმებელი გარემოება – „საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით“. გამოიწვევს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი: ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

ამ მუხლის მიხედვით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს –

საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ  სისტემატურად საჯარო მოწოდება

  • კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;

ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა;

ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია კონსტიტუციური წყობილების, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი.

კანონებში ცვლილება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს.