უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მინიმალურ ხელფასზე გახარიას ფრაქციის ინიციატივას

პუბლიკა

უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მინიმალურ ხელფასზე გახარიას ფრაქციის ინიციატივას.

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ ორ კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა.

„1000 ლარზე ნაკლები ანაზღაურება არსებული სოცილურეკონომიკურ გარემოში ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. არანაკლებ 1050 ლაზე მეტი ხელფასის შემოღებამ უნდა გააუმჯობესოს დაბალშემოსავლიანთა ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც თავის მხრივ ტრიგერი გახდება შიდა წარმოების ზრდის, რადგან გაიზრდება მოთხოვნა შიდა წარმოების პროდუქციაზე. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის დაწესებას არა მხოლოდ სოციალური და ადამიანის ძირითა უფლებათა დაცვის მიზნებით ექნება პოზიტიური ეფექტი, არამედ პოზიტიური ეკონომიკური გავლენაც იქნება ხელშესახები…

1050-ლარიანი ზღვარის დაწესება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურეკონომიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ის ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს“, – აცხადებდნენ კანონის ინიციატორები.

კანონპროექტმა საკომიტეტო განხილვებზე უმრავლესობის დეპუტატთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„კანონპროექტი ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის არასაკმარისად მომზადებულად და კენჭისყრის შედეგად მხარდაჭერილი არ იქნა“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა.

„კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობას“, – აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტმა დასკვნაში.

კანონპროექტის განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა პლენარულ სხდომაზე.