უმრავლესობის დეპუტატების მეორე კანონპროექტი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებული პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე „აგენტებთან” დაკავშირებით, ე.წ. ამერიკული კანონპროექტიც წარადგინეს.

პროექტის მიხედვით, ტერმინები ასეა განმარტებული:

უცხოური ძალა:

  • უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
  • საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა რიგი შემთხვევებისა;
  • იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება,
    რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს.

უცხოური ძალის აგენტი:

უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:

  • უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
  • უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
  • უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
  • წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.

პოლიტიკური აქტივობა:

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა;

როგორც პროექტში ვკითხულობთ, პირი, რომელიც ამ კანონის გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს, ვალდებულია უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

სხვა საკითხებთან ერთად განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს:

  • ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოდაც განმცხადებელი მოქმედებს;
  • უცხოური ძალის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
  • ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;
  • დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო.

პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ.

კანონპროექტში წერია, რომ უცხოური ძალის აგენტის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოური ძალის აგენტი ფიზიკური პირია) ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უცხოური ძალის აგენტის ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს.

პროექტში აღნიშნულია, რომ  კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

კერძოდ, პროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ახლავს თანმხლები პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

სსკ-ის ემატება 355 პრიმა მუხლი -„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით”.