სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო პოლიცია სათანადოდ ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისა და თავდასხმისთვის.
ასევე გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, სამომავლოდაც რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება და უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული, ეს არის უმრავლესობის დიქტატურის გამოცხადება. არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული არის ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის ჯგუფების წარმომადგენლების. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.