საქართველოს პარლამენტი განიხილავს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტს, რომელიც აწესრიგებს როგორც შინაარსობრივ, არსებით, პროცედურულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ, რედაქციული ხასიათის დეტალებს, ასევე პარლამენტის თანამდებობის პირთა მუშაობის ბიუროკრატიულ ნაწილსაც.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეგლამენტის პროექტის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, კიდევ უფრო ამაღლდება პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი და უფრო ეფექტიანად მოხდება მისი მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება.
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში (ასევე წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე) იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, უზრუნველყოფილი იქნება იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
რეგლამენტს ამ პროექტით დაემატება ჩანაწერი, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილი იქნება იმავე შრომის ანაზღაურებითა (6340 ლარი) და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, შესაბამისად მასზე ისედაც ვრცელდება რეგლამენტით გათვალისწინებული პრივილეგია, ისარგებლოს სამუშაო ფართობით, სამდივნოთი, სამსახურებრივი ავტომობილით, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრს ეყოლება ერთი თანაშემწე. არსებული რედაქციით, თანაშემწეთა რაოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის წევრი ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში.
ასევე, ამავე კანონპროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, ის ბრძანებით დაადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლების, სამსახურებრივი ავტომანქანების განაწილებისა და შესყიდვის წესს.
რეგლამენტიდან ამოიღებენ პუნქტს, რომლის მიხედვით, ყოფილი პარლამენტის წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.
რეგლამენტის პროექტით იცვლება პლენარულ სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლის წესი.
პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ფრაქციაში გაწევრებული თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არსებული 4 წუთის ნაცვლად იქნება ერთი წუთი. ამასთან, ერთი ფრაქციის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის განცხადებისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ.
პროექტით, თითოეული უფრაქციო პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი განცხადებისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული დროის გაზრდა დაუშვებელია. ამ სიახლის ამოქმედება იგეგმება მომდევნო მოწვევის პარლამენტში.
ცვლილებებით ასევე წესრიგდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა, კანდიდატურის წარდგენის ვადა განისაზღვრება 1 თვით;
პარლამენტის თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებზე შეეძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;
განისაზღვრება კენჭისყრისას ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელობითი კენჭისყრის გამართვის წესი;
კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გრეტა წიწავა არიან.
პროექტმა პლენარულ სხდომაზე I მოსმენა უკვე გაიარა, მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა: „ქართული ოცნებიდან“ (73 ხმა), „ხალხის ძალიდან“ (9 ხმა), „მოქალაქეებიდან“ (1 ხმა) და „რეფორმების ჯგუფიდან“ (1 ხმა).