უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებული პრორუსული მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოური აგენტების გამოსავლენად ე.წ. დასმენის მექანიზმსაც ითვალისწინებს.
უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი.
მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება:
- იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
- იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ – „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს.
კანონპროექტით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთაც დაფინანსების 20%-ზე მეტი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან და „აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციის ვალდებულებაც ექნებათ. სახელმწიფო უწყებას ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილებაც ენიჭება.
სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია
სუბიექტი ვალდებული იქნება, იანვარში, თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე.
ამის შემდგომ სააგენტო ვალდებულია, მისცეს მას წვდომა ვებგვერდზე, სადაც კონკრეტული სუბიექტი განაცხადს ელექტრონულად შეავსებს. ის უნდა მოიცავდეს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული და დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ამასთან, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, ყოველი შემდგომი წლის იანვარში სააგენტოს ელექტრონულად წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია.
ჯარიმები
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.
ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.