უმუშევრობის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი – მინისტრი მე-15 დადგენილების ამოქმედებაზე

პუბლიკა

ხვალიდან, 1 მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მე-15 დადგენილების თანახმად, სახელმწიფო (ე.წ. კაპიტაციური) დაფინანსების მიღება უნდა შეუწყდეთ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

შეკითხვაზე, ძალაში რჩება თუ არა აღნიშნული დადგენილების ამოქმედება, ჯანდაცვის მინისტრი ეკეტერიმე ტიკარაძე პასუხობს, რომ დღეს საღამოს 6 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დამატებით იმსჯელებენ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მათი რეგისტრირებული კონტინგენტი ვერ აღწევს 13 ათასს.

„გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებულნი, ისეთი დაწესებულებები დარჩებიან, როგორც სტრატეგიული ობიექტები, სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტწილად წარმოადგენდნენ არასამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს, როგორებიცაა ესთეტიკური მედიცინის ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ კიდევ სახელმწიფოს დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს ძალაში დარჩება.

რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი. შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, იქნება განხილვა  დეტალური და პერსონალური, შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი“, – განაცხადა მინისტრმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დადგენილების ამოქმედება  ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ნაწილს.

მან ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „ეს გადაწყვეტილება, თავისი არსით, ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა. 520-ე დადგენილებამ ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა დარტყმა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს“.