უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დასრულდა - სააგენტო

პუბლიკა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის და დღეისათვის, აგვისტოს თვის 200-ლარიანი საკომპენსაციო თანხა დაერიცხა 6 979 პირს, რომელმაც ჯამში 1 395 800 ლარი შეადგინა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით;თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს – 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ივლისში კომპენსაცია ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თქმით,  2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.

დასაქმებულები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6-თვიანი ვადა აგვისტოს თვეში სრულად ამოიწურა.