უმუშევრობა - 24%; საცობები - 13%; ჰაერის დაბინძურება - 11% | თბილისის მოსახლეობის აზრის კვლევა

პუბლიკა

CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა: „თბილისის საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგი: რა სურთ ამომრჩევლებს“. კვლევის ძირითადი მიგნებები მოიცავს თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულებას საცხოვრებელი პირობების, საჯარო ტრანსპორტისა და მიწის განვითარების შესახებ.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 24% თბილისის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს; 13% – საცობს; 11% კი ჰაერის დაბინძურებას. 10% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქალაქისთვის უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება. 31% კი მხარს უჭერს უფრო მეტი გზისა და საპარკინგე სივრცის აშენებას.

კითხვაზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ტრანსპორტით [ნებისმიერი სახის] გადაადგილების თვალსაზრისით როგორ შეიცვალა მდგომარეობა, მოსახლეობის 45% პასუხობს, რომ უკეთესობიკსენ; 34%-ის აზრით, გაუარესდა; 18% ამბობს, რომ არ შეცვლილა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდა; 16%-ის აზრით – გაუარესდა; 13% კი მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შედარებით შეძლებულ ოჯახებში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა ბოლო 4 წლის განმავლობაში.

მოსახლეობის 79% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ავტომობილების. ამიტომ ავტობუსის ზოლები ყველგან უნდა მოეწყოს. საპირისპირო აზრზე კი 11%-ია. კვლევის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ რეგრესიული ანალიზის შედეგად, ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ კერძო ავტომობილს და ასევე, კაცებთან შედარებით ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს ავტობუსის ზოლების მოწყობას.

კვლევის მხიედვით, მოსახლეობის 82% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უმჯობესია სახელმწიფომ დაადგინოს რა, სად და როგორ უნდა აშენდეს და არა თავად სამშენებლო ინდუსტრიამ (ბიზნესმა). საპირისპირო აზრზს კი 10% იზიარებს.

საცხოვრებლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის ნაწილში კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია გაზისა და ელექტროგაყვანილობით, ასევე საცხოვრისის მიმდებარე განათებით. მოსახლეობა ყველაზე მეტად უკმაყოფილოა საპარკინგე სივრცეებით, მათი შენობის იერსახითა და ეზოებით.

მეთოდოლოგია:  მონაცემთა შეგროვების მეთოდი – თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლობითი  გამოკითხვა; 2951 გამოკითხული რესპონდენტი; ველი – 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე; გამოპასუხება 14.1%; ცდომილების ზღვარი 1.8%; მონაცემთა ანალიზის მეთოდი – აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკა.