უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 19.5% შეადგინა - საქსტატი

პუბლიკა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5% შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2021 წლებში კვარტალების მიხედვით.

„2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით”, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

 

2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.9 პროცენტული პუნქტით.