UN Women-მა პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო

პუბლიკა

„ცვლილებებს ქალის ხმა აქვს” — გაეროს ქალთა ორგანიზციამ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო.

პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი პრობლემაა.

UN Women-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს — 52%-ს წარმოადგენენ და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ განვითარებაში ღირებულ როლს ასრულებენ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს ნაკლებად იკავებენ.

მათი უნიკალური გამოცდილებები, ხედვები და საჭიროებები კი ყურადღების მიღმა რჩება.

ამას გარდა, ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა ან წინსვლა სურთ, ბარიერებს ხშირად მხოლოდ იმიტომ აწყდებიან, რომ ქალები არიან.

საგულისხმოა, რომ საქართველო ამ კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, სწორედ არსებული რეალობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალებისთვის არსებული ბარიერების შემცირებას ემსახურება კამპანია „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ახორციელებს.

კამპანია ნამდვილი ისტორიებით შექმნილ კონტენტს ­— საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებებს აერთიანებს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს წვლილი, რომელიც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ქალებმა საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში XIX საუკუნიდან შეიტანეს, ყურადღება გაამახვილოს დაბრკოლებებზე, რომლებიც ქალებს ხელს უშლის, პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთონ და გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან დამსახურებული ადგილი დაიკავონ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურები არიან, როგორც ამომრჩევლებიც.

ცესკოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით, საქართველოში 1,9 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალია, რაც კაცების რაოდენობაზე 7.2%-ით მეტია, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში კაცების აქტივობა უფრო მაღალია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ერთ-ერთი გზავნილი ქალი ამომრჩევლების  გააქტიურებას ემსახურება, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სწორედ აქტიური საარჩევნო უფლებით, იგივე ხმის მიცემის უფლებით იწყება.

საქართველოში პარლამენტში 129 წევრიდან ქალი მხოლოდ 27-ია (19%), მთავრობის 12 წევრიდან კი —  2 (16%), 64 მუნიციპალიტეტიდან მერი ქალი მხოლოდ 3-ს ჰყავს (4%), საჯარო სამსახურებში კი ქალები ხელმძღვანელების პოზიციების 9%-ს იკავებენ.

სტრუქტურულ და სისტემურ ბარიერებთან ერთად, დაბალი ჩართულობის ერთ-ერთი მიზეზი გენდერული სტერეოტიპებია. საზოგადოების ნაწილი კვლავაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კაცებს უკეთ გამოსდით და ის ქალებისთვის შეუფერებელია. ამას გარდა, ქალები პოლიტიკაში ხშირად სხვადასხვა ფორმის ძალადობასაც განიცდიან. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში 2022“ მიხედვით, პოლიტიკოსი ქალების 54%-ს საარჩევნო პერიოდის ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა გამოუცდია.

ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც ოქტომბრის შუა პერიოდამდე გაგრძელდება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად ახორციელებს. სოციალური მედიისთვის შექმნილი კონტენტის გარდა, ის 4 სთენდაფ შოუსაც მოიცავს, რომლებიც თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ცნობიერების ამაღლების კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.