მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთან. აქციაზე იმყოფებიან ენმ-ის ლიდერები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიიდან იუსტიციის სახლამდე ფეხით მივიდნენ.
ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით მიმართ შეკრებილებს. მისი თქმით, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ის ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ნიკა მელიას თქმით, აქციები გაიმართება ყოველდღე, სხვადასხვა წერტილში.
“ეს პროტესტი არ გაჩერდება, სანამ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. ელენე ხოშტარიას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობა ზრუნვა და მიტაცებული სახელმწიფოს უკან დაბრუნება ჩვენი ინტერესია. ყოველდღიური ბრძოლით – დაშლით, შეკრებით, დაშლით, შეკრებით. გადაადგილებით რაიონიდან, რაიონში. უბნიდან, უბანში. სხვადასხვა წერტილში ერთდროულად. ნახავთ, რას ნიშნავს თანამედროვე მეთოდები და გზები.
ძვირფასო თანამებრძოლებო, ერთი, რაც ჩვენ გვევალება, არის არდაღლა, ყოველდღიური ბრძოლა იქნება. დღეში რამდენიმე სხვადასხვა საპროტესტო აქცია იქნება – ეს უნდა აზვირთდეს თოვლის გუნდის პრინციპით და კუმულაციურმა ეფექტმა უნდა დაარტყას დემოკრატიული ტალღის სახით რეჟიმს. ეს პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.