უნდა დარჩნეთ შეთანხმების ერთგულნი - ბოკერია საერთო მაჟორიტარებზე პარტიებს მიმართავს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით არ გაიზიარებს მიდგომას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

„ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ მაგალითად „ლელო“ თავიდანვე სკეპტიკური იყო. მაგრამ სხვები და მსხვილი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ვისზეც არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში, მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი“,- განაცხადა ბოკერიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის.

„არ არის დასამალი ვისზე ვსაუბრობ?! ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“, მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომელთაგანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი; საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, მეორე ტურზე აქცენტების გადატანა არის უპასუსიხმგებლობა და ოპოზიციამ საკუთარი ძალისხმევა ამ ეტაპზე პირველი ტურისკენ უნდა მიმართოს.

„სრული უპასუხისმგებლობაა ამ რისკზე წასვლა, როცა შანსი გაქვს სიტუაციის გარკვევის პირველ ტურში, გარისკო მეორე ტურამდე. მე იმას არ ვიძახი, რომ მეორე ტურს მოიგებენ. იმედი მაქვს და ვიმუშავებთ, რომ მეორე ტური თუ იქნება, იქაც დამარცხდნენ. მაგრამ რა ლოგიკაა იმაში, რომ გავრისკოთ მეორე ტური, როცა შეგვიძლია პირველივე ტურში ვითარება გამოვკვეთოთ და ვიმეორებ, რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას”, სრული პატივისცემით ყველას მიმართ”, – განაცხადა ბოკერიამ.