„უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად“ - WHO

პუბლიკა

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოლიტიკის ნარკვევი „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა“ მთავრობის ვალდებულების მხარდასაჭერად, გააუმჯობესოს პირველადი ჯანდაცვის სერვისები.

ნარკვევი მოიცავს რეკომენდაციებს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელთა დაფინანსების დასახვეწად, რათა მოხდეს შედეგების გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯის სარგებლიანობის გაზრდა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

როგორც გავრველებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, COVID-19 პანდემიამ დაგვანახა, რომ მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის აღდგენისათვის.

ნარკვევი ასახავს ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად:

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში, პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო მისი გამოყენების ადგილზე და უნდა მოხდეს დაფინანსების სისტემის გადახედვა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ანაზღაურების ადეკვატური დაფინანსება.

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად“ – ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“

WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. 2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო.

თუმცა, ნარკვევი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღწევას.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი. აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა,“ ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე, – „ასევე ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას“.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.