არ უნდა დავუშვათ, რომ ლიტურგიის და ეკლესიის მიზეზით მოხდეს ამ დაავადების გავრცელება - ვოლსკი

პუბლიკა

„პოლიტიკურ შეხედულებებს, ცალკეული სასულიერო თუ სამოქალაქო პიროვნებების შეხედულებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი არ გავითვალისწინებთ მთავარ თემას – უნდა გადავარჩინოთ ეკლესია და გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი დღე“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ, საუბარია იმაზე, იარსებებს თუ არა ქვეყანა და დაინგრევა თუ არა ის, არა მარტო ჯანმრთელობის მკვეთრი პრობლემების, არამედ ეკონომიკური პრობლემების გამო.

„ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი გაუსწორა საპატრიარქომ. ეკლესია არ დაიხურება, მაგრამ ხალხმა უნდა გაითავისოს ერთი მთავარი რამ, რომ ძალიან ბევრს აქვს სურვილი, შეიქმნას ე.წ. „ეკლესიის კლასტერი“. არ უნდა დავუშვათ ეს, ვინაიდან ეკლესია, სარწმუნოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზედაც სახელმწიფო დგას. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი – მეცნიერებაზე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელსაც იზიარებს სამოქალაქო ხელისუფლებაც და იზიარებს სასულიერო იერარქია. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ლიტურგიისა და ეკლესიის მიზეზით, იმ მიზეზით, ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარშემო ან ეკლესიაში – მოხდეს ამ დაავადების გავრცელება. ეს დაუშვებელია ყველა თვალსაზრისით, მორწმუნეთათვის, არა მორწმუნეთათვის, პრაგმატული თვალსაზრისით, სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას.

სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, ვინც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალ-ყურს. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს და ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ.  ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა იმისა, რომ შეიძლება არა მარტო თავისი თავი არამედ, სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, უნდა დარჩნენ სახლში. ეს არ იქნება ცოდვა. ყოველ შემთხვევაში, ყველა ცოდვის მონანიება შეიძლება, გარდა იმ ცოდვისა, რასაც ჰქვია სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა, მათ შორის ეკლესიისათვის ზარალის მიყენება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​