მმართველმა პარტიამ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით ორგანიზატორთა გამოკვეთასა და მათ მიმართ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი გაააქტიურა.
მსგავსი განცხადებებით ამ დროისთვის უმრავლესობის დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ზარქუა და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოვიდნენ.
არჩილ თალაკვაძე: „რადიკალური ოპოზიცია, რომელიც, მაღალი ალბათობით, აქციების უკანა რიგში იდგა, ამოეფარა ახალგაზრდებს, ახალგაზრდები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ცდილობდნენ მათ გამოყენებას, შემდეგ დაიმალნენ და როცა პროტესტმა კულმინაციას მიაღწია, რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერი იქ არ იყო. მათ, პრაქტიკულად, დატოვეს ეს ახალგაზრდები და გამოსაკვლევია, გასარკვევია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობის წამხალისებლები. არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი წაახალისა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ირაკლი ზარქუა: „აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“, – განაცხადა ზარქუამ.
კახა კალაძე: „თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია.
მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.